Header image alt text

გია ჯაფარიძე: „ბაქტერიოფაგი“ – ეროვნული საუნჯეა!

 b09e2519-e6cd-45d4-be75-1c0437c79c8d ბუდა

ეროვნული საუნჯე ანუ ქვეყნის საგანძური, ჩვენი სიმდიდრე და სიამაყე, მხოლოდ უძველესი ტაძრები და ეკლესიები, ჩვენი  ლიტერატურა და ფოლკლორი, ქართული სიმღერა და ცეკვა, ხალხური ხელოვნება ან თუნდაც მშვენიერი ბუნება და მიწა–წყალი კი არ არის მხოლოდ, არამედ მეცნიერული პოტენციალი, რომელსაც გაფრთხილება, მოვლა–პატრონობა – ანუ დაუნჯება –  სჭირდება! 

ჩვენ, როგორც ერსა და სახელმწიფოს მომავალი არ გვიწერია, თუკი არ გავიგებთ, არ გავაცნობიერებთ, რამხელა ინტელექტუალურ სიმდიდრეს ვფლობთ (თუ უკვე წარსულ დროში – ვფლობდით?) და თუ არ ვეცდებით ის მაინც შევინარჩუნოთ და გავანვითაროთ, რაც ჯერ კიდევ გადაურჩა განიავებასა და განადგურებას.

ჩვენი ინტერნეტ–ჟურნალი შემოგთავაზებთ წერილების ციკლს ამ საჭირბოროტო თემაზე.

დღეს გვსურს გაგაცნოთ სწორედ ერთი ასეთი დარგი, რომლის თაობაზე ჩვენს მკითხველს, შესაძლოა, კიდეც სმენია ყურმოკვრით, მაგრამ ბოლომდე არა აქვს  გაცნობიერებული მისი მნიშვნელობა და პერსპექტივები – საუბარია ბაქტერიოფაგების სამეცნიერო კვლევასა და წარმოებაზე.

წერილის ავტორია ბატონი  გია ჯაფარიძე, თბილისის ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი, ბიოფარმაცევტული საწარმო „ეუბიოტიკების“ დირექტორი.

დავიწყებ ერთი შემთხვევით, რომელიც არც თუ დიდი ხნის წინათ მოხვდა და რომელის შესახებაც ინტერნეტში შეგიძლიათ წაიკითხოთ – კანადელ მუსიკოს ალფრედ გელტლერს უბედური შემთხვევა მოუვიდა:  მწვერვალზე ასვლისას ფეხი მოიტეხა – მოტეხილობა ღია იყო, მკურნალობა დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ ამაოდ. მოტეხილობის გაძვალება (ანუ შეხორცება) კი ხდებოდა, მაგრამ ჭრილობაში თურმე  ბაქტერიები (სტაფილოკოკის შტამები) მოხვდნენ, რომლებზეც ანტიბიოტიკები აღარ მოქმედებენ. მიმდინარეობდა მწვავე ანთებითი,  ჩირქოვანი პროცესი, რომელიც ვერაფრით შეაჩერეს. ექიმებმა ტორონტოელ მუსიკოსს ფეხის მოკვეთა შესთავაზეს, რადგან სხვა გამოსავალი არ ჩანდა – ცხადია, ჯობს უფეხო იყო, მაგრამ ცოცხალი, ვიდრე ორივე ფეხი გქონდეს  და – მიწაში იწვე.  თუმცა გამოსავალი გამოჩნდა – ახალი ხომ კარგად დავიწყებული ძველია – გაახსენდათ ბაქტერიოფაგები, ჰოდა, ალფრედ გელტლერი თბილისში ჩამოიყვანეს,  უმკურნალეს და მოხდა სასწაული – კაციც გადარჩა და ფეხიც გადაურჩა!

მაგრამ რას წარმოადგენს ეს არაჩვეულებრივი საშუალება –  ბაქტერიოფაგები? და რატომ ჩამოიყვანეს კანადელი მაინცდამაინც საქართველოში?

…თბილისში, გოთუას ქუჩაზე მდებარეობს „ბაქტერიოფაგი“, ორგანიზაცია, სადაც ათწლეულებია მიმდინარეობდა და დღესაც მიმდინარეობს ბაქტერიოფაგების შესწავლა და ფაგური პრეპარატების შექმნა–წარმოება ადამიანის საკეთილდღეოდ.

ბაქტერიოფაგები ანუ უბრალოდ ფაგები წარმოადგენენ ვირუსებს, რომლებიც ბუნებრივად შლიან ბაქტერიულ უჯრედებს – მრავლდებიან მათ შიგნით – და  მავნე ბაქტერიებს ანადგურებენ. ამ გაგებით, ბაქტერიოფაგებს „კეთილი“ ვირუსები შეიძლება ვუწოდოთ.

ბაქტერიოფაგები შეადგენენ ვირუსების ყველაზე მრავალრიცხოვან და გავრცელების ფართო არეალის მქონე ჯგუფს. ისინი ყველგან არიან: ჰაერში, ნიადაგში, წყალში, (განსაკუთრებით, გამდინარე და საკანალიზაციო წყლებში), ასევე ცოცხალი ორგანზმების (ადამიანის, ცხოველების, მცენარეების) გარსზე და საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. ბაქტერიოფაგები გვხვდება ყველგან, სადაც შეიძლება იყოს ბაქტერიული პოპულაცია. გვხვდება მაღალ ტემპერატურულ გარემოში, გაყინულ არეებში, ანაერობულ (უჰაერო) სივრცეებში. მაგალითად, ფსიქროფილური ფაგები ბაქტერიოფაგიგვხვდება გაყინულ ხორცისა და თევზის პროდუქტებშიც. ბაქტერიოფაგები კარგად უძლებენ გამოშრობას, გაყინვას, ტემპერატურის ცვლილებას. ულტრაიისფერი და სხვა სპექტრის რადიაციები დაბალი დოზებით მათში  მუტაციებს იწვევს.

ბაქტერიოფაგები (ფაგები) (ბერძნ. φάγος — შთანთქმა) — ვირუსებია, რომლებიც შერჩევით ანადგურებენ ბაქტერიულ უჯრედებს. ფაგები ვირუსების ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფია. დღეისათვის შესწავლილია 100-მდე ბაქტერიული გვარის მიმართ სპეციფიური 4000-მდე ბაქტერიოფაგის იზოლატი. ბაქტერიოფაგის პოპულაცია აღწევს 1030 .  ბაქტერიოფაგები ბაქტერიების შიგნით მრავლდებიან და მათ ლიზისს (დაშლას) იწვევენ.

ბაქტერიოფაგების უმრავლესობა მორფოლოგიურად  სპერმატოზოიდს ან თავკომბალას ჰგავს. მისი ძირითადი შემადგენელი ნაწილია კაფსიდი. ფაგის კაფსიდი ცილოვანი (პროტეინული) გარსითაა დაფარული, მის შიგნით მოთავსებულია გენეტიკური მასალა დნმ-ის ან რნმ-ის სახით. ფაგის კაფსიდი სიმეტრიული სტრუქტურაა და, უმრავლეს შემთხვევაში, მრავალწახნაგა იკოსაედრს წარმოადგენს. შესწავლილი ფაგების 95% კუდისებრი სტრუქტურა აქვს, რომელიც აგებულია კუმშვადი ან არაკუმშვადი ცილებისაგან. კუდი ბოლოვდება ბაზალური მემბრანით, რომელზეც გამოზრდილია წვრილი ფიბრიები. ფიბრიები სამიზნე ბაქტერიული უჯრედის კედელზე მიმაგრების და ადჰეზიის (მიკვრის) ორგანოა. ფაგების დანარჩენი 5% სხვადასხვა ფორმისაა: ძაფისებრი, ლიმონის ფორმის ან პლეომორფული. პროტეინული (ცილოვანი) გარსის გარდა ზოგიერთ სახეობას ლიპიდების (ცხიმების) შემცველი შალითა აქვს.

                                                      ისტორია

 2ისტორიას ადამიანები ქმნიან. მათი  ცხოვრება და შემოქმედება საზოგადოების განვითარების პროცესებში ჰპოვებს ასახვას. ქართველებს სამართლიანად გვეამაყება, რომ ბაქტერიოფაგის ფენომენის აღმოჩენის სათავეებთან იდგა ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი გიორგი გრიგოლის ძე ელიავა, რომლის სახელსაც ატარებს დღეს მის მიერ 1936 წელს დაფუძნებული ინსტიტუტი. სამწუხაროდ ინსტიტუტის ახალი შენობის გახსნას იგი ვერ მოესწრო.  ისევე, როგორც მრავალი სხვა „ხალხის მტერი“, გიორგი ელიავა 1937 წლის ივლისში დახვრიტეს.

ბაქტერიოფაგის ფენომენი აღმოჩენილ იქნა 1915 წელს ინგლისელი მეცნიერის, ფრედერიკ ტუორტის მიერ სტაფილოკოკებზე დაკვირვებისას.   მისგან დამოუკიდებლად ფელიქს დ’ჰერელმა, პარიზის პასტერის ინსტიტუტში მოღვაწე კანადელმა ბაქტერიოლოგმა, მეცნიერული ახსნა მოუძებნა სპონტანური ლიზისის ფენომენს. დიზენტერიით დაავადებული ადამიანებიდან გამოყოფილ მიკრობებზე  დაკვირვების შედეგად მან დაასკვნა, რომ ბაქტერიების ლიზისი ანუ დაშლა, განპირობებული იყო უჩინარი ანტიბაქტერიული აგენტით, რომელიც ბაქტერიის ვირუსი უნდა ყოფილიყო და მას ბაქტერიის მშთანთქმელი, ანუ “ბაქტერიოფაგი” უწოდა.

1917 წელს ფელიქს დ’ჰერელმა გამოაქვეყნა ცნობა ბაქტერიოფაგის აღმოჩენის შესახებ. ამავე წელს გიორგი ელიავამ ქოლერის ვიბრიონის შესწავლისას მტკვარში ბაქტერიოფაგის არსებობა შენიშნა. ამ ცდების პროცესში დადგინდა: საკვები ნიადაგი, რომელშიც მრავლდებოდნენ ბაქტერიები, რამდენიმე საათის შემდეგ ხდებოდა გამჭვირვალე, ე.ი. ბაქტერიები ქრებოდნენ რაღაც უხილავი აგენტის ზემოქმედებით. სწორედ ამ „უხილავ აგენტებს“ შემდგომში დაერქვათ ბაქტერიოფაგები. ამ მოვლენის აღმოჩენის შემდეგ  ფელიქს დ’ჰერელმა განავითარა სწავლება იმის შესახებ, რომ ბაქტერიოფაგები, წარმოადგენენ რა დაავადების გამომწვევი ბაქტერიების მშთანთქმელებს, შემდგომში შესაძლებელია გამოყენებულ იქნენ ამ ბაქტერიებით გამოწვეული ადამიანთა და ცხოველთა ინფექციების სამკურნალოდ. აქედან იწყება ბაქტერიოფაგების სამკურნალო და პროფილაქტიკური მიზნით  შექმნისა და გამოყენების ეპოქა. თბილისის ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელთა რამდენიმე თაობა მრავალი წლის განმავლობაში ემსახურებოდა და ემსახურება ამ  მეტად მნიშვნელოვან, საკაცობრიო საქმეს.

2003 წელს გაზეთმა «Комсомольская правда»–მ გამოაქვენა სტატია სათაურით « Это сокровище, цену которому сама Гузия не знает…». მოყვანილი სიტყვები ეკუთვნის ამერიკის შეერთებული შტატების ბიზნესმენთა აკადემიის წევრს, ბ–ნ ფლეტჩერს. რაოდენ გულდასაწყვეტია, რომ, ისევ და ისევ, უცხოელებისგან ვიგებთ, თუ რა სიმდიდრესა ვფლობთ –  რომ, თურმე, ქართულ ინსტიტუტში უმნიშვნელოვანესი, უძვირფასესი პრეპარატები იქმნება… ანუ ჩვენ საკუთარს რატომღაც ვერც ვაფასებთ და ვერც ვუვლით… ეს ლამისა ეროვნული ხასიათის თვისებად გადაქცეულა ჩვენთვის…   გიორგი ელიავამ საქართველოს და მის ხალხს ნამდვილი განძი დაუტოვა – ახლა მთავარია, მივხვდეთ ამას და ელემენტალური მოქალაქეობრივი სიმწიფე გამოვიჩინოთ – საზოგადოებამაც და ხელისუფლებამაც – დავეხმაროთ ბაქტერიოფაგიის კვლევით ინსტიტუტსა და წარმოებას.

                                                         ფაგოთერაპია

ბაქტერიოფაგების გამოყენების ერთ-ერთი სფერო ანტიბაქტერიული თერაპიაა, რომელიც ანტიბიოტიკების მიღების ალტერნატივას წარმოადგენს. ფაგოთერაპია ალტერნატიულ მედიცინას მიეკუთვნება.

პარიზის პასტერის ინსტიტუტის მიკრობიოლოგის, ლორან დებარბიეს თქმით: „რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ – ეს ანტიბიოტიკების კრიზისია, პათოგენურმა ბაქტერიებმა უკვე გამოიმუშავეს მდგრადობა თითქმის ყველა ანტიბიოტიკის მიმართ. ახლა ექიმები იძულებული ხდებიან გაიხსენონ ძველი და თითქმის სრულიად მივიწყებული მეთოდი ინფექციებთან ბრძოლისა – ბაქტერიოფაგები.“

ამჟამად მსოფლიოში ბაქტერიოფაგებს მხოლოდ საქართველოში, რუსეთსა და პოლონეთში აწარმოებენ. ბაქტერიოფაგები გამოიყენება სტრეპტოკოკური, სტაფილოკოკური, დიზენტერიული ინფექციების სამკურნალოდ. ბაქტერიოფაგის პრეპარატი შეიძლება იყოს: 1. მონოკომპონენტური ანუ ერთი ბაქტერიის მიმართ აქტიური ან 2. პოლივალენტური – რამდენიმე ბაქტერიის მიმართ აქტიური. პოლივალენტური პრეპარატებია: პიობაქტერიოფაგი, ინტესტიფაგი, და სხვა. ბაქტერიოფაგების დასახელებული პრეპარატების ფორმულები შემუშავდა ელიავას ინსტიტუტში, თბილისში, რომელიც ბაქტერიოფაგების მეცნიერული კვლევის პიონერია.

ფაგოთერაპიის ისტორიაში არის აღწერილი მრავალი შემთხვევა, როდესაც ანტიბიოტიკები უძლურნი აღმოჩენილან ბაქტერიული ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში (ერთი ასეთი შემთხვევა ჩვენი წერილის დასაწყისში მოგახსენეთ), ხოლო ფაგების ჩართვის შედეგად ინფექცია სრულიად განკურნებულა. ამის კიდევ ერთ კონკრეტულ მაგალითს წარმოადგენს თუნდაც 1985 წელ ამ ინტერნეტ–ჟურნალის დამაარსებლის, ბ–ნ ირაკლი ლომოურის უმძიმესი ტრავმის შედეგად განვითარებული ყურის ინფექცია, გამოწვეული ლურჯ–მწვანე ჩირქის ჩხირით (Pseudomonas aeruginosae), რომელიც არავითარი ანტიბიოტიკით არ განიკურნა. მხოლოდ სპეციფიური ბაქტერიოფაგის დამზადების შედეგად მოხერხდა ამ, ერთობ ვერაგი ბაქტერიის მოსპობა. ბაქტერიოფაგების უპირატესობა ანტიბიოტიკებთან შედარებით მდგომარეობს იმაში, რომ ისინი მოქმედებენ შერჩევითად ამა თუ იმ პათოგენურ ბაქტერიაზე, არ იწვევენ ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის დათრგუნვას, ასტიმულირებენ იმუნურ სისტემას, არ არიან ტოქსიკურები. სწორედ ამიტომაც მიზანშეწონილია ნაწლავური ინფექციების მკურნალობა და პროფილაქტიკა ბაქტერიოფაგებით და არა ანტიბიოტიკებით, მით უმეტეს, რომ დღეს ქართველ მეცნიერთა არსენალში მრავლად არის ფაგების ახალ–ახალი კლონები, რომლებიც  პრეპარატების შემადგენლობაში შედიან.

ყოველივე ზემოთქმულიდან თვალნათელი ხდება, თუ რა მნიშვნელობა აქვს ბაქტერიფაგებს ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნების საქმეში. იმედია, ელიავას ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფი კვლავაც გააგრძელებს ბაქტერიოფაგების კვლევის მრავალწლიან ტრადიციებს.

ბაქტერიოფაგების შესწავლისა და წარმოების მხარდაჭერა – გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას – ეროვნული მნიშვნელობის საქმეა!

რედაქტორის მინაწერი:

ეს წერილი უკვე ნდა აგვეტვირთა, როდესაც ინტერნეტში ვნახეთ მანანა ორბელიანის (უფლებადამცველი, კულტურულ-საგანმანათლებლო არასამთავრობო ორგანიზაციასამართლებრივი სახელმწიფო -სამოქალაქო საზოგადოებისხელმძღვანელი) ღია წერილი, რომელიცბაქტერიოფაგსეხება. გთავაზობთ ბმულს:

http://www.iveroni.com.ge/aqtualuri-themebi/33561-ghia-tserili-premier-minstrs.html?lang=ka-GE

 

Comments Closed